გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ ნიკოლაშვილი: უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც საზოგადოებრივი ჩართულობით, პროცესის გამჭვირვალეობით და დისკუსიის მაქსიმალური შესაძლებლობით ხდება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

23-09-2019

„ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც საზოგადოებრივი ჩართულობით, პროცესის გამჭვირვალეობით და დისკუსიის მაქსიმალური შესაძლებლობით ხდება მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა, განხილვა და დამტკიცება“ - განაცხადა ტვ „იმედის“ საავტორო გადაცემაში „დღის ქრონიკის“ ავტორმა და წამყვანმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სამართალშემოქმედების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების მოსმენისა და შერჩევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შერჩეული კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო.

„პოლიტიკურად ეს პროცესი ცალსახად ხელისუფლებამ მოიგო, რომელიც არ შეუშინდა ხანგრძლივ და დროში გაწელილ პროცედურებს. პარლამენტმა გაზაფხულზე ჯერ დაამტკიცა კანდიდატების შერჩევის წესი, შემდეგ კი იუსტიციის საბჭომ დაიწყო შერჩევის პროცედურები. პარლამენტს წარედგინა სია იმ 20 კანდიდატის სახელით, რომელთაც მოუწევთ დეპუტატთა კითხვებზე პასუხი. მათ შორის იმ დეპუტატების, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პირდაპირ წარმოადგენდნენ სასამართლოზე პასუხისმგებელ პირებს. ეს გარემოება განსაკუთრებულს ხდის შერჩევის პროცესს, სადაც მართლმსაჯულების ოდინდელი მესაფლავეების მხრიდან მგზნებარე გამოსვლები გვესმის“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

გადაცემის ავტორს მაგალითებად მოჰყავს დეპუტატების გიგა ბოკერიას და რომან გოცირიძის განცხადებები და მათ დემაგოგიის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

მისი თქმით, დემაგოგიის კლასიკური მაგალითა, როდესაც რუსული ოკუპაციის საკითხით მანიპულაციას დეპუტატი გიგა ბოკერია ბავშვთა პორნოგრაფიის თემის გამოყენებით ახორციელებს.

„დეპუტატი, რომლის ხელისუფლების პირობებშიც გამყარდა რუსული პოზიციები საქართველოში, რომლის დროსაც სასამართლო გაუქმდა ქვეყანაში, რომლის დროსაც სასამართლო პირდაპირ იქცა პროკურატურის განყოფილებად, დღეს საპარლამენტო მოსმენას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის პროპაგანდისთვის იყენებს. საინტერესოა, რაღა ბავშვთა პორნოგრაფია ბატონო გიგა, ციხეში წამება, ადამიანთა გაუპატიურება, ამის ფირზე ასახვა, შანტაჟი და სხვა მსგავსი მეთოდები რატომ არ გამოიყენეთ შესადარებლად? ნუთუ არ იცით, რომ სისტემური ძალადობის ის მასშტაბი, რაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა, საძულველი რუსეთის იმპერიისთვისაც კი მიუწვდომელია ჯერ? ნუთუ ფიქრობთ, რომ მოსახლეობას რუსულ ოკუპაციაზე საუბრით დაავიწყებთ სწორედ რომ მართლმსაჯულების გაუქმებას და ტერორის დამყარებას ქვეყანაში?“ - მიმართავს გადაცემის ავტორი გიგა ბოკერიას.

გურამ ნიკოლაშვილი ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას მოსმენაზე, რომელსაც, გადაცემის ავტორის თქმით, გარდა ზემოთხსენებული დემაგოგიისა, ისეთ კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა, რომელიც მის მიერ წარსულში განხილულ საქმეებს ეხებოდა. კითხვები დაისვა გვანცა ყუფარაძის საქმეზე, მუხროვანის ამბოხის საქმეზე და ლევან მურუსიძის მიმართ მისი მხარდაჭერის თემაზე.

„ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცება პარლამენტს უწევს, ეს ნიშნავს რომ დეპუტატებმა, ანუ პოლიტიკოსებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაზე. მათი პასუხისმგებლობა იქნება სისტემის მიმართ ცალკეული კანდიდატების შესაბამისობა და მოსამართლეთა მორალური და ეთიკური მხარეების შეფასება. პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მონაწილეობისა და ჩართულობის ხარისხი იზრდება. პროცესი კულმინაციას მიაღწევს იმ დღეს, როდესაც კანდიდატთა კენჭისყრის დღე დადგება. ჩვენ მივიღებთ მოსამართლეებს, რომლებიც ღიად, სახელობითი კენჭისყრის შედეგად უვადოდ დაინიშნებიან ან არ დაინიშნებიან უზენაეს სასამართლოში და ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული პოლიტიკოსების სახელი დაერქმევა“ - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი.