24-09-2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულები ზ.ა. და ი.მ. დამნაშავედ სცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ქ. აბაშაში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ზ.ა. და ი.მ. ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით ყაჩაღურად დაესხნენ თავს მ.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა მ.ჩ.-ს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის არასრულწლოვან შვილს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს და მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ზ.ა. და ი.მ. 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით, ადრე ნასამართლევ ზ.ა.-ს 10 წლით, ხოლო ი.მ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.