25-09-2019
„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, თეა წულუკიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ წყალწმინდის, სუფსისა და ლესის მოსახლეობასთან.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ამ საჭიროებების მიხედვით.
გურიის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სამედიცინო პუნქტების მოწყობა, ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა. სოფელ წყალწმინდის მოსახლეობამ შეხვედრაზე ზღვამდე მისასვლელი გზის არარსებობის საკითხიც დააყენა. იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ის მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელთაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. სოფელ სუფსაში შეხვედრაზე მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, მათ სოფელშიც აშენდეს საზოგადოებრივი ცენტრი.
შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.