29-09-2019
ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გახსნეს.
ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, სამრეწველო საქმიანობებისათვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
კახა კუჭავას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, შემცირებასა და კონტროლს.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.