შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, ცენტრში შესული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.
ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.