1-10-2019
19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine“ გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.
„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის, ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.