3-10-2019
გორის მერიის კუთვნილ მიწაზე კერძო პირები დიდ მოგებას ნახულობენ. საუბარია იმ მიწებზე, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში იჯარით არის გადაცემული, თანაც პირდაპირი წესით.
ამის შესახებ დოკუმენტაცია სპეციალისტთა ჯგუფმა უკვე მოიძია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯგუფი აცხადებს, რომ მერიამ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა გადახედოს.
დღეის მდგომარეობით, გორის მერიას, პირდაპირი წესით გაქირავებული აქვს 35 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
2010 წლიდან დღემდე შპს ,,გეორგია 21“-ს ამ ფორმით გადაცემული აქვს 4 335 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი. ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი. ხელშეკრულების ვადა 2040 წელს იწურება.
1 კვ.მ ფართი განსზღვრულია 2 ლარით, თანაც წლიურად. ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბაზარი, სადაც ასეულობით ადამიანი ვაჭრობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,გეორგია 21-ეს“ ადმინისტრაციას ქვეიჯარის სახით გაცემული აქვს ასეულობით კვ.მ ფართობი.
ყველაზე მინიმალური ფასად, ბაზრის ხელმძღვანელობას 1 კვ.მ ფართი გაქირავებული აქვს 60 ლარად, მაქიმუმი კი, - 150 ლარია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალისტები ასკვნიან, რომ მერიას უნდა გადაეხადა საიჯარო ხელშეკრულების პირობებთან, რადგან იმ დროს, როდესაც ბაზარი ერთ კვადრატულ მეტრს 60 ლარად აქირავებს, მერიამ ეს ფართი 2 ლარად არ უნდა გააქირავოს.
სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ ბაზარი მოვაჭრეებისგან წელიწადში მინიმუმ 260 000 ლარს იღებს ქირის სახით. მერია კი, მხოლოდ, 8,7 ათასი ლარი ერგო.
გორის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე სხვადასხვა რაოდენობის ფართი გაქირავებულია როგორც პირდაპირი, ასევე, აუქციონის წესით.
სპეციალისტთა ჯგუფმა 5 ობიექტის ფასები შეამოწმა. ასე მაგალითად:
,,კაფე 22“-ს 1 კვ.მ ფართი გადაცემული აქვს 29,1 ლარად
,,შანზელიზეს“ – 30 ლარად
,,ლავენიუს“ – 63 ლარად
,,თამაზ კარელიძეს“ – 69,5 ლარად.
რაც შეეხება აუქციონის წესით გაცემულ ფართს, აღმოჩნდა, რომ ,,კახაბერ ლალიაშვილს“ ერთი კვადრატული მეტრი 174.5 ლარად აქვს აღებული, ოღონდ, აუქციონის ფორმით.
აუდიტის სპეციალისტები აცხადებენ, რომ უმჯობესი იყო მერიას წინა ოთხი ფართიც აუქციონის წესით გაექცა.