4-10-2019
კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით დაავადების შემთხვევები გახშირდა.
კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი წელია დაავადებული ბავშვების რიცხვი იზრდება, ყველაზე მეტი შემთხვევა კი თელავში ფიქსირდება.ბ
„დაავადებულთაგან უმრავლესობა ბავშვია. ამ ინფექციით ოთხი თვის ახალშობილის ავადმყოფობის შემთხვევაც გამოვლინდა. გასულ წელს ცხრა დაავადებულიდან ცხრავე თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. თელავში არის ამ დაავადების კერა, ამიტომ ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ, საფრთხის შესამცირებლად“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
45 წლიანი სამედიცინო სტაჟის პედიატრი, ნათელა ათამოვა ადასტურებს, რომ ლეიშმანიოზის სიმპტომებით ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა საგრძნობლად მომატებულია.
„ამდენი წელია პედიატრი ვარ და ასე ხშირი ეს დაავადება არ ყოფილა. ახლა ბევრი ბავშვი მოჰყავთ, რომლებზეც ეჭვი გვიჩნდება და შემდეგ კვლევა ლეიშმანიოზს ადასტურებს. ცოტა ხნის წინაც მქონდა შემთხვევა, შვიდი თვის ბავშვს გამოუვლინდა. საჭიროა სანიტარული ნორმების უკეთესად დაცვა. განსაკუთრებით, ქუჩის ცხოველების გარიდება, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ“, – განმარტა ათამოვამ.
„პრაიმტაიმმა“ ის ოჯახები მოიძია, რომლებმაც ლეიშმანიოზით დაავადებულ ბავშვებს უკვე უმკურნალა, ან ახლა მკურნალობს.
მშობლები ამბობენ, რომ ავადმყოფის მკურნალობა და რეაბილიტაცია ოჯახებს ძვირი უჯდებათ.
„სამი და ოთხი წლის გოგონებს დაემართათ. ძალიან გაგვიჭირდა ფინანსურად. მკურნალობის შემდეგ, კარგა ხანს, მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, შემდეგ კარგი კვება და ჰაერი სჭირდებოდათ. ძლივს გავწვდით“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ერთ- ერთმა მშობელმა.
„ბავშვს ზაფხულში კოღოს ნაკბენი ჰქონდა. დაავადება ახლა გამოვლინდა, მაღალი სიცხითა და ღვიძლის გადიდებით. გვითხრეს, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა, რამდენიმე თვეც იყოს“, – განაცხადა მშობელმა, რომლის ერთი წლის შვილსაც, ამჟამად მკურნალობის კურსს უტარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის უფროსის, კობა ჩიკვაიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს.
„ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირებას ვახდენთ და დეზინფექციას ვატარებთ. თუ იქნება რეკომენდაცია, შესაძლებელია სადეზინფექციო სამუშაოები უფრო დიდი მასშტაბითაც ჩატარდეს“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ლეიშმანიოზი ინფექციური დაავადებაა და მას ცხოველის შიდა უჯრედებში პარაზიტის გავრცელება იწვევს. დაავადება კოღოს ნაკბენით გადადის. ის ღვიძლისა და ელენთის დაზიანებას იწვევს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებამ შესაძლოა ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს.
primetime.ge