4-10-2019
ანაკლიის პორტის მომავალი არ უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ იმ დისკუსიას, დებატებსა და პრობლემებს, რომლებიც შეიძლება გვქონდეს იგივე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან - თუ რაიმე პრობლემა ექნება კონსორციუმს, არ ნიშნავს, რომ ის აისახება პორტის მომავალზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ საუბრისას.
მისი თქმით, თავად პროექტის აზრი დიდი დიდი ხანია გაცდა ერთი კონკრეტული ინვესტორის პრობლემატიკას.
„„სახელმწიფო, მთავრობა იმდენადაა ანაკლიის პორტის პროექტში ჩართული და მის მხარდასაჭერად მოტივირებული, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები ექმნება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ახერხებს თუ არა ის თანხების ვადებში მობილიზებას, ეს პროექტი ყველა ვარიანტში განხორციელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს პრობლემები ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხია.
„ნუ დავიყვანთ ასეთ დიდ, მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პროექტს მარტო კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის პრობლემებამდე, ეს არის თავისი მასშტაბით ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილი ორი თემა. ანაკლიის პორტი უდიდესი სტრატეგიული პროექტია, ეს იდეა მანამდეც არსებობდა, ვიდრე ჰორიზონტზე კონსორციუმი გამოჩნდებოდა და მერეც იარსებებს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი დღევანდელი ფორმით განხორციელდება, სადაც კონსორციუმი თავის ღირსეულ როლს შეასრულებს. მაგრამ კონსორციუმის პრობლემა პირდაპირ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის პრობლემასთან - ანაკლიის თემა გაცილებით დიდია, უპირატესი და ეს საკითხები ასე მოგვარდება თუ ისე, პორტი მაინც იარსებებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა იმ პრობლემებზე, რომლებსაც ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხება ქმნის, მათ შორის რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მცირე ქვეყანა და შესაბამისად, პატარა ბაზარია და აქ განხორციელებული ყველა მსხვილი პროექტი მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ისევე, როგორც თითოეული დიდი პროექტის შეფერხება დიდ დარტყმას აყენებს.
„ვიცი, რომ სამეგრელოში, ანაკლიის რაიონში ადამიანებს ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვთ იმის გამო, რომ პროექტი უნდა დაწყებულიყო 2017 წელს, ახლა უკვე ოპერირებადი პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა და 1000-მდე სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო შექმნილი. ადამიანებს ამაზე გათვლილი გეგმები ჰქონდათ და იმის გამო რომ ეს პროექტი გვიანდება, ზარალდება როგორც რეგიონი, ისე მთლიანად საქართველო“, - განაცხადა მინისტრმა.