7-10-2019
ნაციონალური მოძრაობა – 36%, „ქართული ოცნება“- 27%. ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევა მმართველი პარტიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - სკანდალურ ინფორმაციას სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ქართული ოცნება“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „თაიმერი“ უკვე წერდა, რომ პარტიის წევრები გაფრთხილებულნი არიან მუდმივი მზადყოფნის თაობაზე. საგანგებო რეჟიმზეა გადასული „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც. „თაიმერის“ წყაროს ცნობით, ის პირადად აპირებს საარჩევნო სიისთვის ახალი სახეების შერჩევას. როგორც მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, საარჩევნო სიაში ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ.
ახალი სახეების შერჩევის გარდა „ოცნებამ“ ხალხის განწყობის შესწავლაც გადაწყვიტა, რასაც საარჩევნოდ ყველა პარტია ატარებს.
მმართველმა პარტიამ შიდა კვლევების ჩატარება სამეგრელოდან დაიწყო. ზუგდიდში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა „ოცნება“ შოკში ჩააგდო.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო გვიყვება:
„შიდა კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. ზუგდიდში სულ 108 უბანია. აქედან გამოკითხვა 43 უბანში ჩატარდა. ხმები ასე გადანაწილდა : ნაციონალურ მოძრაობას მხარს 36% უჭერს, „ქართულ ოცნებას“ – 27%, ამომრჩეველთა 17% გადაწყვეტილი არა აქვს თუ ვის მისცემს ხმას. 9% სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია, დანარჩენი გამოკითხულები კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“.
"თაიმერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ზუგდიდის სოფლების გამგებლები დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს თუ რატომ აქვს მმართველ პარტიას ასეთი დაბალი შედეგები.
გამგებლებს თავის მართლება სულაც არ დაუწყიათ, მათ ავად წაუყენეს ზემდგომებს პრეტენზიები. კერძოდ, გამგებლებმა „ოცნების“ და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს უთხრეს, რომ პასუხი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის მოეთხოვათ, რომლებიც მათი განცხადებით, საჯაროდ ტაშს „ოცნებას“ უკრავენ, თუმცა ოჯახის წევრებთან ერთად ხმას ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ.