გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რაჭის რეგიონში რთველი იწყება

9-10-2019

კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.

ამბროლაურში, მევენახეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.