15-10-2019
ოცწლიანი პაუზის შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.