17-10-2019
„ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის ერთგულია. 2017 წლიდან მოყოლებული, საბოლოო ჯამში, ექვსჯერ მოხდა პროექტის ვადების გადავადება. მხარს რომ ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ, ინვესტორმა შეასრულოს აღებული ვალდებულებები“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ეს უმაღლესი დასტურია, რომ ჩვენთვის პროექტი არის პრიორიტეტული. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე, რაც ცალსახად არის გამოხატული ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.