გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბასთუმნის ობსერვატორია ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

26-10-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ობსერვატორიის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით წარიმართება. 

 

გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

 

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეები არაერთ საკითხს შეეხნენ. მათ შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტში ასტრონომიის მიმართულების განვითარების სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდა კადრების აღზრდის მიზნით. გიორგი ვაშაკიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა სწორედ იქეთკენ არის მიმართული, რომ ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებს, ექნება შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

 

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ობსერვატორიის რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ გადაიხედება და სარგძნობლად გაძლიერდება სახელფასო პოლიტიკა. გარდა ამისა, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა ახლადშექმნილი სსიპ-ის ბალანსზე გადავა და მის განკარგვას ადმინისტრაცია სრულად შეძლებს.

მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა მეცნიერ თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონცეფციაში, რომელიც ობსერვატორიის განვითარების მიზნით შეიქმნება, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშა და როლი მსოფლიო მასშტაბით. ამის შემდგომ, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა და მოდერნიზაცია. ზაზა მარუაშვილმა კონცეფციის შემუშავებაში უცხოელი მეცნიერების ჩართვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. სამინისტრო კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დამატებითი დაფინანსების სტიმულირებას.

 

შეხვედრის ბოლოს გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ სამინსიტროს მიზანია, ობსერვატორიის მაგალითზე დანერგოს კარგი პრაქტიკა, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

 

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.