გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

26-10-2019

წელს პირველად, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

„ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია და ბაზარზე დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გურჯაანის ყველისა და კულინარიის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, როგორც ფერმერებისთვის წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია და მიიღონი მეტი შემოსავალი, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში, ყველის მწარმოებლებმა და ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებს ყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს. გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d’Or ფინალისტები მონაწილეობდნენ.

საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოკულინარიის სივრცე, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა კულინარებმა სტუმრებს მათი რეგიონის დამახასიათებელი და ტრადიციული კერძების მომზადების ტექნოლოგია გააცნეს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, თემატური ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრების საზეიმო განწყობზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები ზრუნავდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესტორატორები, კულინარები, სომელიეები და ტურისტები ესწრებოდნენ.

ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.