27-10-2019
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) შეფასებით, არჩევნების დღემ სამივე ოლქში - ადიგენში, მარტვილსა და ლაგოდეხში სერიოზული დარღვევების გარეშე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
სადამკვირვებლო მისიის მიერ მთელი დაფიქსირდა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები. ამ ტიპის დარღვევები ძირითადად ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, რომელთაც კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
"დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირებისა და ასევე საარჩევნო სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენლის ყოფნის შემთხვევები, რომლებზე მითითების შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები.
საარჩევნო ბიულეტენების ფაქტობრივი რაოდენობის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ რაოდენობასთან შეუსაბამობა და დასტაში ბიულეტენების ნაკლებობა.
სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ საქართველოს მოქალაქის ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა, რაც აღიკვეთა ჩვენი დამკვირვებლების მითითების და კომისიის კანონიერიქმედების შედეგად;
ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მხრიდან მარკირების შემოწმების პროცედურის, ხოლო
რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ რეგისტრაციის პროცედურის არაჯეროვნად შესრულების ერთეული შემთხვევები;
არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში დახმარების მცდელობა, რომელიც ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად აღმოიფხვრა;
ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ხმის მიცემა კენჭისყრის კაბინის გარეთ.
მთელი დღის განმავლობაში, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების მიმდებარედ მოსული ამომრჩევლების კონტროლი. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე არაერთგზის დაფიქსირდა ჩვენ მიერ, რაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების ყოფნასა და ამომრჩევლების აღრიცხვაში გამოიხატებოდა.
გვსურს, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო შშმ პირი, უბანი არ იყო ადაპტირებული, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია და მოითხოვს სამომავლოდ შესაბამის რეაგირებას.
ამ დროისათვის, უკვე დაიხურა საარჩევნო უბნები და მიმდინარეობს ხმების შეჯამების პროცესი. ჩვენი სადამკვირვებლო მისია აგრძელებს პროცესის მონიტორინგს"-აცხადებენ ორგანიზაციაში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია მოქმედ სამივე ოლქში - ადიგენში, მარტვილსა და ლაგოდეხში იყო
წარმოდგენილი. სადამკვირვებლო მისია დააკვირდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.