გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იუსტიციის მინისტრმა ხულოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

28-10-2019

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. 69-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ხულოში გაიხსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში.

იუსტიციის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდა და იგი თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობებმა − საზოგადოებრივმა ცენტრებმა ჩაანაცვლა.

ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მუნიციპალიტეტის 77 სოფლის 23 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტი, სკაიპის ოთახი და საბანკო მომსახურება, სადაც პენსიონერები ადგილზე მიიღებენ პენსიას.

მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო მაღალმთიან აჭარაში დაბა ხულოს ვიზიტორები აქტიურად სტუმრობენ. ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მომსახურება, ისარგებლოს სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისით, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.

ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების სრულად აღმოფხვრა.

საზოგადოებრივ ცენტრში სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

მიმდინარე წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.

საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა.