29-10-2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია იმერეთის მხარეს ჯანმრთელობის, ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად გადააქცევს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი "ქართუ" ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.
წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.
დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.
ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში"-განაცხადა ივანიშვილმა.