29-10-2019
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმების სახით, არის ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თუ რაოდენ ლამაზი შეიძლება იყოს ეს ადგილი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას და განვითარებას.
მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდა, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.
„ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას - გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. რატომ? იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა იმაში, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია და ეს ნათელი გახდა. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება. „მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.