29-10-2019
„ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც წყალტუბოს აღორძინებას ითვალისწინებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პროექტის ფარგლებში აღდგება და აშენდება წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 22 სანატორიუმს და ბალნეოლოგიურ აბანოებს მოიცავს. დამატებით მოეწყობა წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფეები და რესტორნები. შეიქმნება 15 000 - 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი წელიწადში 800 000-მდე გაიზრდება.
“წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და აეროპორტი. ასევე, ქართულ ბიზნესს აქვს ღია შეთავაზება ჩაერთოს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულებული პროექტების შესყიდვა თვითღირებულებით. აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ”,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.