გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალგაზრდული პროექტის პირველი გამარჯვებული იდეა – სურამის მოსახლეობა დაბაში ბულვარის მოწყობას უჭერს მხარს

4-11-2019

5 მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტს – „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პირველი გამარჯვებული უკვე ჰყავს. 5 მუნიციპალიტეტიდან პირველი არჩევნები დაბა სურამში 3 ნოემბერს ჩატარდა და გამარჯვებული იდეაც გამოვლინდა.

ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს ახალგაზრდების იდეას, რომ სურამში, რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზე ბულვარი მოეწყოს. იდეის ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან და პროექტის სახელწოდებაა „ბულვარი – სურამის ახალი სიცოცხლე“. ახალგაზრდების გათვლებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონი ლარია.

ახალგაზრდული იდეების შესარჩევად კენჭისყრა 3 ნოემბერს სურამის კულტურის სახლში ჩატარდა და მოქალაქეთა უპრეცედენტო აქტივობით გამოირჩეოდა – კენჭისყრის პროცესში 500-ზე მეტმა სურამელმა მიიღო მონაწილეობა. მათ არჩევანი სამი საპროექტო იდეიდან უნდა გაეკეთებინათ: “ბულვარი-სურამის ახალი სიცოცხლე”, “ჭკვიანი სივრცე” და “ახალი მზიური”.

კენჭისყრაში მონაწილე 513 ადამიანიდან, 226 ხმა ბულვარის იდეამ დააგროვა, 187 ხმა – “ახალმა მზიურმა”, ხოლო 96 ხმა – “ჭკვიანმა სივრცემ”. 4 ბიულეტენი კი გაბათილდა.

ახლა უკვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯერია, აიღოს ვალდებულება და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, გამარჯვებული იდეის განხორციელება დაიწყოს.

თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მოსაგვარებელია ის, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ ამ უნიკალურ კურორტზე არსებული საკუთარი ქონება, რომელიც ათეული წელია, მიგდებული აქვს, ხაშურის მუნიციპალიტეტს გადასცეს და სამუშაოებიც ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.

გამარჯვებული იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მიტოვებული რკინიგზის ტერიტორიაზე ბულვარის მოწყობა ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეიწყობს ხელს. სასეირნო ბულვარი გახდება ცენტრალური ქუჩა  და ის იქნება დამაკავშირებელი ხიდი სურამის ყველა ღირშესანიშნაობასთან. შესაძლებელი იქნება ბულვარის ტერიტორიაზე ფესტივალების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა ღონისძიებების მოწყობა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კი შესაძლებლობა ექნებათ, იჯარით აიღონ ბულვარის მიმდებარე  ტერიტორია და განავითარონ თავიანთი მცირე ბიზნესი.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, ღია და დახურული კინოთეატრები, ბიბლიოთეკა, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოეწყოს, განახლდეს არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დღემდე შემორჩენილი შენობებიც, რომლებსაც სიძველე შეუნარჩუნდება, თუმცა, ახალი ფუნქციით დაიტვირთება. სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა გახდეს.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და შეიტანონ წვლილი ამ განვითარებაში.

დღეს საპროექტო იდეებიდან საუკეთესოს გარდაბნის მოსახლეობა შეარჩევს.