4-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდებული კოჩუაშვილი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და ბრალს ამ დრომდე არ აღიარებდა.
ზვიად კოჩუაშვილს ბრალდების მხარე მანქანის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილის სხეულზე ავტომობილით გადავლას ედავებოდა.
6 ივლისს, გამთენიისას სოფელ ხელთუბანში, გზაზე დაგდებული 18 წლის მომაკვდავი თორნიკე მერებაშვილი იპოვეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები, თავზე კი ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა. მერებაშვილები ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია და პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილის მკვლელებმა მტკიცებულებები გაანადგურეს და სისხლის კვალი წაშალეს იმ ადგილიდან, სადაც თორნიკე თანატოლებმა სასიკვდილოდ სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ზვიად კოჩუაშვილი თებერვალში დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედებოდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს – თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.