6-11-2019
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობა განაახლეს, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები არ ადასტურებენ. ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები ტექნიკის საშუალებით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდნენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი, დავით ხუროშვილი “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, რომ სოფლის მცხოვრებლებს ოკუპანტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეუნიშნავთ.
“ჩემი სახლი ე.წ საზღვართან ახლოსაა. რამე უკანონო რომ ჩაედინათ, აუცილებლად დავინახავდი. არ ვიცი, რას ემსახურება ლუდა სალიას განცხადება. ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსები ჩვენ ტერიტოტიაზე არ გადმოსულან და უკანონო საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწარმოებენ. სოფელში სიმშვიდეა და ყველას ვთხოვ, ხელოვნულად პანიკის შექმნისგან თავი შეიკავონ”,- განაცხადა დავით ხუროშვილმა.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლთან, ოკუპანტების მიერ მძიმე ტექნიკით მუშაობის განახლების ამსახველი ვიდეო სამოქალაქო აქტივისტმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.