გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ექსკლუზიური ინტერვიუ 23-ე ბრიგადის ყოფილ სამხედროსთან, რომელიც ახლა "ტაქსაობით" არჩენს ოჯახს

6-11-2019

ექსკლუზიური ინტერვიუ, აფხაზეთიდან იძულებით დევნილთან, 23-ე ბრიგადის ყოფილ სამხედროსთან, რომელიც, ახლა ლიცენზირებული "ტაქსისტია" და თავს ასე ირჩენს:

 

ყოველ 16 მარტს გმირთა მოედანზე ვიკრიბებით. 16 მარტს 37 ადამიანი მოგვიკლეს აფხაზეთში.

36 ჯარისკაცი და ერთი გოგო, ექიმი - ნანა.

არასოდეს დამავიწყება, როგორ ეყარა გვამები და როგორ იყო რამდენიმე ჯარისკაცი ნანას გადაფარებული, მაგრამ ვერ უშველეს, ვერ გადაარჩინეს.

ტამისში რომ ათასი კაცი გადმოსვა რუსმა - ათასივე გავანადგურეთ. არ დავკარგავდით აფხაზეთს, შევარდნაძეს 3 სექტემბერს ბრძანება არ გამოეცა, რმ ჩვენთვის ყველა ტექნიკა ჩამოერთმიათ, აქაოდა სკოლა იწყებაო და მხოლოდ ავტომატები დაგვიტოვეს. ყველა ტექნიკა, ყველა ტანკი ჩამოგვართვეს და გაიყვანეს. მოსახლეობას ვაშინებთო.

შარტავა და გაბისკირიაც შევარდნაძემ შეიწირა, თორემ, მეც ბოლოს გამოვედი და მე თუ გამოვედი, ეგენიც გამოვიდოდნენ ცოცხლები - არ უნდოდათ შარტავა და გაბისკირია ცოცხლები რომ გამოსულიყვნენ.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან მომწერა ყოფილმა მეზობელმა, აფხაზმა, არ მაქვს სხვა გზა, არავის ვიცნობ თბილისში, არადა, სამკურნალოდ უნდა ჩამოვიდე - აქ ექიმი კი არა, არაფერი ვარგა და შენთან უნდა მოვიდეო. მოვიდა, მივიღე. იმკურნალა და გავაცილე. მითხრა შენს სახლში ახლა სომეხი მეზობელი ცხოვრობსო.

უკვე ხვდებიან აფხაზები, რაც "ჭამეს", მაგრამ გვიანია.  გარდა იმისა, რომ აფხაზებს არუსებენ და მალე აფხაზური ენა არავის ეცოდინება, მორფის და შიდსის ადგილი გახდა აფხაზეთი და პატრონი არავინ ჰყავს. 

რუსს არ სჭირდება აფხაზეთი, თორემ, "ლენინის მოედანს" მაინც აღადგენდა, მინისტრთა კაბინეტის დამწვარ შენობას მაინც აღადგენდა. 

უმეტესობა ახლა მიხვდა რას უკეთებს რუსი, მაგრამ ზოგმა მაშინვე იცოდა - მეზობელი მყავდა ერთი - ტარბა, ერთი შვილი ჰყავდა - დაინახა ამ ბიჭმა, აფხაზებმა და რუსებმა, ქართველი, 80 წლის ქალი რომ გამოიყვანეს სახლიდან და მოკლეს - შევიდა სახლში და თავი მოიკლა.

ყოველთვის როცა, აფხაზებთან ომი მახსენდება, ის ბიჭი მახსენდება - ტარბა.

24 წლის ვიყავი სოხომი რომ დავტოვე. საოცარი ადგილია აფხაზეთი, აგვისტოში ზღვაზე იბანავებ, ჩაიცვამ, ჩაჯდები მანქანაში და 40 წუთში თხილამურებზე შეგიძლია დადგე. 

სოხუმს ვეძახდით "ქალაქს ფრაერების გარეშე" - ეს ქალაქი არ დაეცემოდა, შევარდნაძეს რომ არ ეღალატა.

თბილისში რომ ჩამოვედი, ბიცოლასთან მივედი. რამდენიმე დღეში მთხოვა სასაფლაოზე გავყოლოდი - წავედით და სასაფლაოდან ბიძაჩემის საფლავის ქვა წამოვიღეთ სახლში - დრო იყო ასეთი, საფლავის ქვებსაც იპარავდნენ და გამკითხავი არავინ იყო - აი, ამან დაგვაკარგვინა მიწები, თორემ, ვერც რუსი და ვერც აფხაზი ვერაფერს დაგვაკლებდა.

ახლაც ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას - საფლავის ქვებს აღარ ვიპარავთ, მაგრამ ღირებულებებს და ფასეულობებს ვანადგურებთ, ვეტერნებს პატივს არ ვცემთ, წარსულს ვივიწყებთ გამიზნულად.

ჩვენ 240 ვიყავით, 23-ე ბრიგადიდან გადარჩენილები. 240 გადარჩენილი 16 მარტს გმირთა მოედანზე მოვდიოდით. ახლა 72 დავრჩით, დანარჩენი დაიხოცა-ნელ-ნელა.

აქ ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ვიხსენებთ და მერე რესტორანში მივდივართ.

ერთხელ, ვეტერანთა კავშირმა შემოგვთავაზა რომ რესტორნის ფულით დაგვეხმარებოდა - 50 ლარი მიუცია ერთი ჩვენთაგანისთვის. 72 კაცს 50 ლარად რომელი რესტორანი მიგვიღებდა - უკან დავუბრუნეთ.

ამ 72 კაციდან, 71 ვიბრძოდით, ერთი ჩვენს სანახავად დადის, მისი შვილიშვილი იბრძოდა ჩვენთან ერთად და დაიღუბა. ყოველ წელს მოდის და ჩვენთან ერთად ზის. 

37 ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ, ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობთ, ნანა, ჩვენი ექიმი ნანა რომ ვერ გადავარჩინეთ.

ერთი აფხაზური ფრაზა უნდა გასწავლოთ:

"საბა ბარა ბზია ბზოი" 

-რას ნიშნავს?

-მე შენ მიყვარხარ.

 

ვერ ვკითხე, ნანას გულისმხობდა, თუ სოხუმს - ალბათ, ორივეს ერთად. 

alia