11-11-2019
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნეულის მოპოვებას აპროტესტებენ და მათ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ 11 მაღაროში მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ასევე, დაზიანებულია ეკლესია.
მოსახლეობის მტკიცებით, კომპანია მათ ზარალის ანაზღაურებას თვენახევრის წინ დაპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. ადგილობრივები ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. სოფელში პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება.
"სოფელი ეკოლოგიური კატასტროფოს წინაშე დგას, დაზიანებულია სახლები და დაიბზარა ეკლესია, დაგვპირდნენ კომპენსაციას და არ მოუციათ, მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას გაეცნონ ჩვენს პრობლემას და დაგვეხმარონ,"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
"ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო პროცესების კოორდინატორი იოანე ხეთაგური მოსახლეობის ბრალდებებს არ ეთანხმება.
იოანე ხეთაგურის თქმით, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები გასულ საუკუნეში "ჯორჯიან მანგანუმის" დროს დაზიანდა, რისთვისაც კომპენსაციაც მიიღეს.
მისივე განმარტებით, პირველმა კომისიამ დასკვნა დადო, რომლითაც გამოიკვეთა, რომ კომპანია მოსახლოებას არ აზარალებს, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია მუშაობს და შესაბამისი დასკვნაც მალე დაიდება. თუმცა აცხადებს, რომ კომპანიის სამუშაოები მოსახლეობისგან მოშორებით მიმდინარეობს და ის სახლებს ზიანს ვერ მიაყენებს.