გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

“ამოუვიდა ბავშვს ყელში” – რას ყვება გოგონას მამა, რომლის მიმართაც, გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს

12-11-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბადურის სკოლაში, მასწავლებლის მიერ, სავარაუდოდ, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაზარალებული, 14 წლის მოზარდის მშობლები საუბრობენ.
“რეგიონულ კვირას” მომხდარის შესახებ მოზარდის მამა, ნოდარ შუბითიძე უყვება. შუბითიძე ამბობს, რომ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი პირველი არ არის და მისი თქმით, ეს აქამდეც მომხდარა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მასწავლებელს კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ დამნაშავეა.
„აქ გაზრდილი კაცი ვარ და ვიცი ვინც არის, რისი გამკეთებელია. ჩემი შვილი ერთხელ მოვიდა და მითხრა – მამა პოლიციელი უნდა გამოვიდეო, როცა ვკითხე რატომ თქვა ასე, მითხრა, რომ დასაჭერი ვინცაა უნდა დავიჭიროო. ეს დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. თურმე ბავშვს რა ქონია გულში. მცდელობა იყო არა ერთხელ და რომ ამოუვიდა ბავშვს ყელში მერე თქვა. მანამდეც, ყოფილა ჩემს ბავშვთან მიმართებაში, მსგავსი ფაქტები, როცა შევედი დაკითხვაზე მხოლოდ ორი წინადადება მოვისმინე ბავშვისგან, მეტს ვერ გავუძელი და გამოვედი. რაც თქვა ბავშვმა, მაგას ვიტყვი სასამართლოზე. ბოლო დროს არ იყო ხასიათზე. არ იყო ისეთი, როგორც ადრე. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ბოლო ორი თვე. გავიგე, რომ მასწავლებლის ოჯახში უთქვამთ, თითქოს სკოლის დირექციას უნდოდა მისი გაშვება. დირექტორზე ნუ იწმენდენ ხელს. გასაშვები იყო და მე გავუშვებ, სადაც საჭიროა. ბავშვი არ იტყუება და დავამტკიცებთ ყველაფერს. მაგ პედაგოგის შვილი შემხვდა, რომელიც ჩემი ბავშვის ნათლიაა და მასაც აინტერესებდა რა მოხდა“,- ამბობს ნოდარ შუბითიძე.

“რეგიონული კვირა” ბრალდებულის ოჯახსაც დაუკავშირდა. პედაგოგის მეუღლე, ნარგიზა გოგოლაძე მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

“ბავშვის მოფერება თუ დანაშაულია, მასწავლებელი ბავშვს შეეხოს და მოეფეროს, არ ვიცი. არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა. ვინ დაინახა რომ ჩემი ქმარი დამნაშავე იყო? არ ვიცი, რა თქვა ბავშვმა, მაგრამ ეს ვიცი, მეამაყება, რომ ელგუჯა ხარაიშვილის მეუღლე ვარ. სამი შვილი გავზარდეთ პატიოსნებაში. ოცი წელია სკოლაში მუშაობს და არავის შეხებია. რაღა მაგ ბავშვზე გაამახვილებდა ყურადღებას. მაგას როგორ დავიჯერებ, რომ თავის შვილის ნათლულს ხელს მოჰკიდებდა. ვიცი, უდანაშაულოა და გამოძიება დაადგენს რა მოხდა. ვფიქრობ, რომ დააბრალეს. რა მოხდა და როგორ მოხდა თვითონ იტყვის. მჯერა ჩემი ქმარი უდანაშაულოა”, – აცხადებს ნარგიზა გოგოლაძე.

სოფელ ნაბადურის სკოლის დირექტორის, დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, სამართალდამცავი სტრუქტურის პარალელურად, საქმეს სკოლის დისციპლინური კომიტეტიც განიხილავს.
“მოსწავლემ შემომიტანა განცხადება, რომ მასწავლებელი მას უხერხულ ადგილას შეეხო ხელით და მთხოვა მიმეღო შესაბამისი ზომები. მივმართე სამეურვეო საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, საქმის კურსში ჩავაყენე სოციალური მუშაკი, რადგან იყო დანაშაულის ნიშნები. მიმდინარეობს ძიება და ყველაფერი გახდება ცნობილი“,- ამბობს დოდო ხაჩიძე. ​

ცნობისთვის, სავარაუდოდ, გარყვნილი ქმედების ფაქტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბადურის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. 14 წლის მოსწავლე საკუთარ მათემატიკის მასწავლებელს მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. მოსწავლემ პირველად ფაქტის შესახებ სკოლის დირექტორს მიმართა, რის შემდეგაც საქმის გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

kvira