14-11-2019
ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 21 წლის გ.კ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადრეულ ასაკში გახდა. ის “რეგიონულ კვირას” თავად დაუკავშირდა და გვთხოვა მისი ხმა, ყველა იმ გოგონასთვის მიგვეწვდინა, ვინც ძალადობის მსხვერპლია და ამას გარკვეული მიზეზების გამო მალავს.
“მინდა, მივაწვდინო ხმა ყველა იმ გოგონას, ვინც ახლა ძალადობის მსხვერპლია. არ დანებდეთ, ნუ შეგეშინდებათ. ნუ გაჩუმდებით, თორემ დარჩენილ ცხოვრებას ჩემსავით სინანულში და ტანჯვაში გაატარებთ “.
გ.კ-ს ცხოვრებაში ყველაფერი 11 წლის წინ, 2008 წელს დაიწყო. როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა და სახელმწიფოს მიერ, დევნილებისთვის გამოყოფილ დროებით თავშესაფარში გადასულიყო.
ოჯახში კიდევ 3 არასრულწლოვანი იზრდებოდა. არასათანადო პირობების გამო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გოგონა უფროს დასთან და ორ მცირეწლოვან ძმასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ოჯახში, დროებითი მეურვეობის ქვეშ გაამწესეს.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება , მიმღებ ოჯახში მასთან და მის და-ძმებთან ერთად, კიდევ ორი ბიჭი იზრდებოდა, რომლებიც მათი ბიოლოგიური შვილები იყვნენ. სწორედ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთმა გ.კ -ზე 15 წლის ასაკში სექსუალურად იძალადა.
“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოგვენიჭა დევნილის სტატუსი. სოფელი, საიდანაც ჩემი ოჯახია წარმოშობით, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. შეგვასახლეს დროებით ერთ-ერთი სკოლის შენობაში. იქ 8 სული როგორ ვიცხოვრებდით. ძალიან გვიჭირდა. ხშირად მშივრები ვიძინებდით. სახელმწიფომ პროგრამის ფარგლებში შემოგვთავაზა, რომ მე და ჩემი 3 და-ძმა დროებით, ნორმალური პირობების მქონე ოჯახში გავეშვილებინეთ. გორის რაიონში შეირჩა ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო ჩვენს გაზრდაში ფულს გადაუხდიდა. იმ ოჯახს თავისი ორი ბიჭი ჰყავდა, ერთი ჩემზე 7 წლით უფროსი. სწორედ მან იძალადა ჩემზე 15 წლის ასაკში და დამაკარგვინა ქალიშვილობა. ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან მოვედი, სახლში არავინ იყო. გავიხადე ტანსაცმელი და ვემზადებოდი გამოსაცვლელად. მოულოდნელად ოთახში შემოვიდა და ფერება დამიწყო. ვთხოვე რომ გასულიყო, რომ შევეწინააღმდეგე საწოლზე დამაგდო. ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. პირზე ხელი ამაფარა და ძალა იხმარა. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ თუ დედამისს ვეტყოდი, ვინც ამავდროულად ჩემი ნათლიაც იყო, ჩემს და-ძმასთან ერთად ოჯახიდან გამაგდებდა. დამპირდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. თუმცა რამდენიმე დღეში სარდაფში ჩამიყვანა და ახლა იქ იძალადა ჩემზე. მისი მხრიდან ძალადობამ, მუქარამ და ცემამ მუდმივი ხასიათი მიიღო. ყველაფერი მის მშობლებს მოვუყევი, თუმცა არ დამიჯერეს და აქეთ დამდეს ბრალი, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე”– იხსენებს 21 წლის გოგონა.
მისი თქმით, აღნიშნული ამბავი ვერავის გაუმხილა, რადგან შეეშინდა რომ და-ძმასთან ერთად ღია ცისქვეშ დარჩებოდა. მისი სიჩუმე სათავისოდ გამოიყენა მოძალადემ და მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობა უფრო აქტიურად გააგრძელა.
“ძალიან პატარა ვიყავი. რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ერთადერთი რისიც მეშინოდა ჩემი და-ძმა ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ. ბოლოს უკვე ჩემზე არა მხოლოდ სექსუალურად, არამედ ფიზიკურადაც ძალადობდა, მცემდა. დედაჩემს დავუკავშირდი და მოვუყევი ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი არ გვქონდა, დედაჩემმა ოთხივე წაგვიყვანა იმ ოჯახიდან. ვუჩივლეთ ამ ბიჭს, თუმცა იმ ოჯახმა დედაჩემს უთხრა, რომ მზად იყვნენ დავექორწინებინეთ, ოღონდ საჩივარი გამოგვეტანა. დედაჩემმა მითხრა -“სირცხვილია, რომ გაიგებს ხალხი ქალიშვილი აღარ ხარო” და საბოლოოდ ჩემი ნათლიის შვილზე, მოძალადეზე დამაქორწინეს. დღემდე ვერ ვხვდები რატომ მომექცნენ ასე. ეს იყო იძულებითი, ზიზღზე დაფუძნებული ქორწინება. როდესაც ჩემს ქმარს ვხედავდი, სულ მახსენდებოდა ის წუთები, როდესაც ჩემზე პირველად იძალადა. ბავშვობა წამართვა, ცხოვრება დამინგრია, მუდმივი სტრესისა და ნერვიულობის შედეგად დამეწყო მეტყველების პრობლემები და ახლაც მიჭირს საუბარი”.
გ.კ.-ს თქმით, მან ვერ შეძლო მოძალადის გვერდით ცხოვრება და ოჯახიდან წავიდა.
“მათ რაც უნდოდათ ის მიიღეს, შვილი საქმიდან მშრალი გამოიყვანეს, მე კი ცხოვრება დამენგრა. ფსიქოლოგიურად გავნადგურდი. ადამიანის სახე დავკარგე. თუმცა, სამართალმა იზეიმა და დღეს ის ციხეშია. როგორც ვიცი ყაჩაღობის მუხლით დააკავეს. მე მხოლოდ იმიტომ დაგიკავშირდით, რომ მინდა, მივაწვდინო ხმა ყველა იმ გოგონას, ვინც ახლა ძალადობის მსხვერპლია. არ დანებდეთ, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, ნუ გაჩუმდებით, თორემ დარჩენილ ცხოვრებას ჩემსავით სინანულში და ტანჯვაში გაატარებთ. მხოლოდ 21 წლის ვარ, მაგრამ მგონია ჩემი ცხოვრება დასრულდა. ნუ მისცემთ უფლებას, თუნდაც თქვენი ოჯახის წევრებს, რომ ძალადობის დამალვა გაიძულონ. ახლა ფეხმძიმედ ვარ, ველოდები გოგონას და მხოლოდ ესღა მახარებს. ამ ამბის შემდეგ ხელახლა ვცადე ცხოვრების დაწყება, მაგრამ ყველა მამაკაცში იმ მოძალადის სახეს ვხედავ. შესაბამისად, ვერ შევძელი ჩემს რჩეულთან ცხოვრება. ველოდები, როდის გაჩნდება ჩემი გოგო. ერთი დანამდვილებით ვიცი, არავის მივცემ მასზე ძალადობის უფლებას და იმ გზის გავლას, რაც მე გავიარე”.