23-01-2018
ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 35 წლამდე მამაკაცის საქმეს განიხილავდა.
ოჯახური ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი დღეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
როგორც სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები ტ.ა. გასული წლის აგვისტოს თვეში მეუღლის ცემისთვის, ფაქტის თვითმხილველის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
იგი მეუღლეზე არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა.
კონკრეტულ დღეს კი, ქმარმა ცოლს წელის არეში ფეხი, ხოლო თავში მუშტი ჩაარტყა. პროკურორის თქმით, მამაკაცი მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე ცემდა.
დამნაშავე დანაშაულს აღიარებს.
სასამართლოს დარბაზში დაზარალებულიც იმყოფებოდა.
როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებული მეუღლეს შეურიგდა და მასთან პრეტენზია აღარ გააჩნია. ადვოკატმა ასევე სასამართლოს წარუდგინა ბრალდებულის მეუღლის განცხადება, რომელიც ნოტარიულად იყო დამოწმებული. დაზარალებული წერს, რომ მას მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ბავშვები მამას ითხოვენ.
საქმე სსკ ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობდა. მოსამართლე ბიძინა სტურუა გახლდათ, პროკურორი კი პეტრე სალუქვაძე.
ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს, რადგან, ადვოკატის თქმით, მისთვის დაკისრებული სასჯელის ვადა, 240 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება უკვე გასული იყო.