დადგენილება გარდაბნის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ 2018 წლის 18 იანვარს დამტკიცდა, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან განხორციელდა.
საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის ტარიელ ჯანხოთელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, 4500 ლარამდე გაიზარდა.
1550 ლარით გაიზარდა მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი. ეს თანამდებობის პირები თვეში 2200 ლარის ნაცვლად 3750 ლარს მიიღებენ.
ყოველთვიურად 1000 ლარით მეტს მიიღებენ მერის ორი მოადგილე და საკრებულოს თანამდებობის პირები - კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. მათი სარგოს ოდენობა 2000 ლარის ნაცვლად 3000 ლარი იქნება. დღეისათვის გარდაბნის საკრებულოში 5 კომისია და 3 ფრაქციაა შექმნილი.
1600 ლარიდან 2500 ლარამდე, ე.ი. თვეში 900 ლარით გაიზარდა გარდაბნის მერიის 9 სამსახურის ხელმღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასები. სამსახურების სტრუქტურული დანაყოფის - განყოფილების უფროსები კი თვეში 1290 ლარის ნაცვლად 1800 ლარს მიიღებენ.
საშტატო ნუსხის შესაბამისად, გარდაბნის მერიაში 173, საკრებულოში კი 30 საჯარო მოსამსახურე მუშაობს, აქედან 13 პოლიტიკური თანამდებობის პირია.
„რეგინფო“ წერდა, რომ გარდაბნის ყოფილი გამგებელი გოჩა ჯამარაული პრემიას და დანამატებს არ იღებდა, ხოლო აღებულ ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა. გარდაბნის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი პრემია-დანამატებს ერთი წლის განმავლობაში 8-ჯერ, მისი მოადგილე რაფი ორუჯოვი კი 9-ჯერ იღებდნენ.