9-12-2019
მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელი დირბში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამტრედიიდან დირბში სტუმრად ჩასული სიძე ჭიქაშუა ვალერი საკუთარმა ცოლის ძმამ, ბაჩანა ცენგირაშვილმა სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა.
„კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილს საკუთარ ცოლთან უთანხმოება ჰქონდა. ოჯახი შვიდი თვის წინ დაინგრა, ახლა კი, სოფელ დირბში ახალგაზრდა მეუღლესთან შესარიგებლად იყო ჩასული.
“უსადილიათ, სუფრიდან ამდგარან და ამის შემდეგ თურმე სახლის ქვედა სართულზე, სარდაფში ჩასულან სასაუბროდ. რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე, არ ვიცით. არც ჩხუბის ხმა გაგვიგიაო ამბობენ ოჯახის სხვა წევრები. ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ თურმე, მერე ბაჩანა ყვირილით მისულა მამამისთან და უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო. თვითონ კი გაქცეულა”, – უთხრა “კვირის პალიტრას” ცენგირაშვილების მეზობელმა.
დანაშაულის შემდეგ, 24 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.
ადგილობრივ პოლიციაში გარდაცვლილის მეუღლე და სავარაუდო დამნაშავის და უკვე გამოიკითხნენ.