26-12-2019
ქუთაისში მოძრაობა გაბედეს აქტივისტი და თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წუალაია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ისაა, რომ მათ ბუჩქზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათამაშოები დაკიდეს.
გაბედეს აქტივისტები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, რადგან, მათი აზრით, ეს მათი დაშინების მცდელობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
"გვედავებიან, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამ შემთხვევაში ბუჩქი გამოიყვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რომ დავამახინჯეთ. ეს არის უნიჭო ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი", — აცხადებს გაბედეს აქტივისტი გაგი ახალაძე.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სურათები კულტურული მემკვიდრეობის არეალში დაკიდეს.
"ეს სურათები და პლაკატები ჩვენთან შეუთანხმებლად გაზონებსა და ნარგავებზე დაკიდეს. ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში. არის სპეციალური მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა", — განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა.
11 დეკემბერს მოძრაობა გაბედეს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამართალდაცველებმა მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე ქართული ოცნების პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათაშოების დაკიდების უფლება არ მისცეს. პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ აქტივისტებმა სურათები იქვე მდებარე ბუჩქებზე დაკიდეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაჯარიმების ოქმი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.