27-12-2019
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2017 წელს შეძენილ იქნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა მოამზადა. (პროექტის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი)
პროექტის მომზადების შედეგად გაირკვა, რომ ფრესკების დაზიანების ძირითადი მიზეზი იყო ნალექი, რომელიც ტაძრის სახურავიდან ჩამოედინებოდა ინტერიერში, ამიტომ მიმდინარე წელს მოხდა სახურავის შეკეთება და დაიწყო მისი რესტავრაცია, რომელსაც ფონდ ,,ქართუ’’-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი 300 000 ლარით აფინანსებს.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის ერთ-ერთი გამოჩეული ნიმუშია. ის 1897-1902 წლებში აიგო ძმები ზუბალაშვილების მიერ, ბათუმში მცხოვრები ევროპელი კათოლიკეთა თხოვნით. საბჭოთა პერიოდში ტაძარი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა , ეკლესიაში განთავსებული იყო არქივი და შემდგომში მაღალი ძაბვის ლაბორატორია.1990 -იანი წლებიდან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას. ამჟამად ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.