გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

NDI: საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება , ხოლო 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება

16-01-2020

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება , ხოლო 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 59 პროცნეტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, ასევე 68 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.

გამოკითხვის შედეგად საჯარო ინსტიტუტებიდან მოსახლეობა დადბითად მხოლოდ ქართულ ჯარს აფასებს.

„თბილისი – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 პროცენტი) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამავე კვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი და ლიდერებისადმი ნდობაც მცირდება. იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც მთავრობის საქმიანობას ”ცუდად” აფასებს, 2018 წლის შემდეგ 49 პროცენტიდან 64 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი. პარლამენტის საქმიანობის შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 57 პროცენტი მას უარყოფითად აფასებს, 9 პროცენტი კი დადებითად. მოქალაქეების უმრავლესობა (64 პროცენტი) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათნაირი ხალხის შეხედულებებს ითვალისწინებს, ხოლო 68 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან. ქვეყნის მთავარი საჯარო ინსტიტუტებიდან საქართველოს ჯარს ყველაზე დადებითი შეფასება აქვს (52 პროცენტი). მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსდევს 50 პროცენტით, რაც 2019 წლის ივლისის (64 პროცენტი) შემდეგ მნიშვნელოვანი ვარდნაა. 2019 წლის ივნისის აქციებზე და მომხდარ ძალადობაზე საუბრისას, 45 პროცენტი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მოსახლეობის უმრავლესობას (59 პროცენტს) სმენია, რომ “ქართული ოცნება” 20 ივნისის აქციის მონაწილეების მოთხოვნას - 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო - დასთანხმდა, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა და პარლამენტში ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ვისაც ეს სმენია, მათი 70 პროცენტი ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს. “შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება”, - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა. “ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგელობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ეჭვქვეშ დგას.” მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13 პროცენტი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 7 პროცენტი - “ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს”, 6 პროცენტი - “ლეიბორისტულ პარტიას”, 5 პროცენტი - “პატრიოტთა ალიანსს”, 4 პროცენტი - “პოლიტიკურ პლატფორმა - ახალ საქართველოს”, ხოლო 3 პროცენტი - “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს”.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56 პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას. მხოლოდ 33 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წელს დაუჭირა მხარი. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო“ - ნათქვამია კვლევის შედეგებში.