გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანრი ოხანაშვილი „თრეის ინთერნეიშენალის" კვლევაზე: როდესაც ვსაუბრობთ „ფრონტერას“ ლობისტი ზოგიერთი კონგრესმენის წერილზე და შეშფოთებაზე ბიზნესთან მიმართებაში, ამის საუკეთესო პასუხია ეს კვლევა

1-02-2020

„თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსის ბოლო შეფასება საერთაშორისო დონეზე ჩვენს რეპუტაციაზე მეტყველებს და საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ორგანიზაცია „თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებული კორუფციის რისკის ინდექსის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ხელისუფლება კორუფციისგან თავისუფალია და ამ თვალსაზრისით ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

„ჩვენ ვართ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ოცეულში და ეს ყველაფერი ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე, რა თქმა უნდა, აისახება. ეს ხელს უწყობს ბიზნესის კეთებას. ეს მეტყველებს ჩვენს რეპუტაციაზე საერთაშორისო დონეზე. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. როდესაც ვსაუბრობთ „ფრონტერას“ ლობისტი ზოგიერთი კონგრესმენის წერილზე და თითქოს შეშფოთებაზე ბიზნესთან მიმართებაში, ამის საუკეთესო პასუხია ეს კვლევა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება.

„ის, რომ ასეთი შეფასება დაიდო ამ ორგანიზაციის მხრიდან, ამის საფუძველი გახდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ წლების განმავლობაში და კიდევ ვახორციელებთ. ამის საფუძველია ასევე ჩვენი ღია მმართველობის მიდგომა და ის, რომ ხელისუფლება არის მაქსიმალურად გახსნილი. ასევე ის, რომ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებში ხდება სწრაფი რეაგირება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამის სტატისტიკური მაჩვენებელი ყველას კარგად მოეხსენება. აქედან გამომდინარე, შექმნილი გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ვიყოთ მოწინავე. ვართ კიდეც, როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა. ყოველთვის არსებობს გამოწვევები, მოდუნება არ შეიძლება, ყოველთვის საჭიროა შემდგომ რეფორმებზე ფიქრი და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით ქულა არ შეცვლილა და კვლავ 26-ს შეადგენს.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს.