5-02-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე დიდი ქართველი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში, ტანძიაში აღნიშნა.
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალური თეატრალური დასის მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაუკითხეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ლევან ჟვანიასთან ერთად დაესწრო.
დავით შერაზადიშვილმა და ლევან ჟვანიამ წლის საუკეთესო მკითხველები დააჯილდოეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძება მუსიკალურად ბოლნისელმა კომპოზიტორმა ლევან ქუქჩიშვილმა გააფორმა.
„გილოცავთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს. სიმბოლურია, რომ ეს დღე ჩვენ, ქართული ლიტერატურის, მეცნიერებისა და დიპლომატიის ბრწყინვალე წარმომადგენლის, სულხან საბა-ორბელიანის სახლ-მუზეუმში აღვნიშნეთ. დიდი სურვილი მაქვს არამარტო საბას, არამედ სხვა მწერლების შემოქმედება სისტემატიურად ვიკითხოთ, განსაკუთრებით ახალ თაობამ, რომელსაც სწორი ღირებულებებისა და ფასეულობების შეთვისება სჭირდება რათა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანონ. წიგნის კითხვა ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი სამყაროების აღმოჩენისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. ამიტომ ვისურვებდი, ამ საჩუქარზე, რასაც წიგნის კითხვა ჰქვია, უარი არასოდეს გვეთქვას, მისი საშუალებით კი საკუთარი თავი და პიროვნული თვისებები გაგვეუმჯობესებინოს“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.