10-02-2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
შეხვედრაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 2020 წლის მანძილზე. თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს თავმჯდომარეობასთან პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ამასთან, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუდოლფ მიხალკას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო ძალის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ეუთო-ს როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის საკითხს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნულის მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. „ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ძალიან მკაცრი შეფასება, თანათავმჯდომარეებს მოვთხოვეთ მიიღონ ზომები იმისთვის, რომ გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები, რაც ქართული მოსახლეობისთვის იზღუდება, დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი“-განაცხადა მინისტრმა. მისი ინფორმაციის ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.
„აუცილებელია, რომ თანათავმჯდომარეების და ყველა ძირითადი აქტორის მხრიდან, ვინც ჩართულია ამ პროცესში დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის წინადადებებზე“ - დასძინა მინისტრმა.