15-02-2020
დმანისში 60 წლამდე ქალის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, პირი დააკავა.
ზაირა დევნოზაშვილის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში გვიან ღამით მეუღლემ იპოვა. გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მოკლული ქალის მეუღლე ამბობს, რომ ცხედარი გზის პირას ქურთუკის გარეშე იპოვა და მკვლელობის მოტივად ყაჩაღობას ასახელებს.
ყაჩაღობის ვერსიას განიხილავენ სოფლის მცხოვრებლებიც. გარდაცვლილის მეზობლები "კურიერთან" ყვებიან, რომ ზაირა დევნოზაშვილს სახლთან ახლოს მაღაზია ჰქონდა. მათი თქმით, სავარაუდო დამნაშავე მაღაზიიდან გამოსულ ქალს აედევნა.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დმანისში მცხოვრები 1982 წელს დაბადებული პირი დააკავა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, გამოძიება გრძელდება.
მომხდარს საგამოძიებო უწყება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.