18-02-2020
რუსთავის მერიაში ახალი სტუდენტური პროგრამა ამოქმედდება. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, 100%-იანი გრანტის მფლობელ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 ან მეტია, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტი, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, 60 ლარს ჩაურიცხავს.
რუსთავის მერიაში, სტუდენტების მხარდასაჭერად ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს. პირველი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას ითვალისწინებს. რუსთავის მუნიციპალიტეტი, 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტებს 800 ლარით, 90-დან 95-მდე ქულის მქონე ახალგაზრდებს არაუმეტეს 1000 ლარით, 95-დან 100 ქულის ჩათვლით, აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, კი 1200 ლარით აფინანსებს.
მეორე სოციალური პროგრამა, რომელიც სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფარვისთვის შემუშავდა, რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტების(მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრი სტუდენტების მგზავრობის საფასურს აფინანსებს. ამ პროგრამით, დღეიდან 100%-იანი გრანტის მფლობელი ის რუსთაველი სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომელთა საშუალო სემესტრული ქულა 81 და მეტია.