ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ქობულეთის მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

2-02-2018

ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით გაიგზავნა.

განმცხადებლები სასამართლოში დაობენ ევროპული კონვენციის იმ მუხლების სავარაუდო დარღვევას, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას, რელიგიის თავისუფლებას, საკუთრების და განათლების უფლებას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.

2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი, ადგილობრივი მოსახლეობის, წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო, ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას.

პროტესტი 2014 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა.

EMC -ის განცხადებით, მუსლიმი თემის წინააღმდეგ განხორციელებული ხანგრძლივი დევნის დროს ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა, სამინისტროს როლი არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლებოდა. საქმეზე არსებობს სამივე ინსტანციის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პანსიონატის გახსნის ხელშეშლას კერძო პირების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაციას აძლევს. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ აღიარეს შსს-ს პასუხისმგებლობა უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინდივიდუალური უფლებების აღდგენის გარდა, სახელმწიფოს დაეკისრება ვალდებულება აღმოფხვრას ტენდენცია, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობის შეწყნარებას და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ პანსიონატის გახსნაზე პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და შენობის კარზე მისი თავი ჩამოკიდეს. 15 სექტემბერს, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა, მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს.

reginfo.ge