24-02-2020
საოკუპაციო რეჟიმი სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გეგმავს. ინფორმაციას, რამდენიმე წყაროზე დაწყრდნობით "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილება იმ ერთადერთ გზაზეც აუკრძალონ, რომლის გავლითაც ახალგორიდან ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაა შესაძლებელი.
ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი უკვე გააფრთხილეს. ამ მიზეზით კი მოსახლეობამ ახალგორის დროებით დატოვება იმის შიშით გადაიფიქრა, რომ თუ გზა ჩაიკეტება, სახლში ვეღარ დაბრუნდებიან. ჯერჯერობით არ ვრცელდება ვერსია, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა ადგილობრივების უფლებების დარღვევისკენ შესაძლოა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.
"ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ბოლო დამაკავშირებელი პუნქტი, რომელიც იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას აკავშირებს დანარჩენ საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ახალგორის იზოლაცია უკვე თვეებია გრძელდება, მხოლოდ მცირე ხნით გაიხსნა... დღეს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში სურსათის დეფიციტი გაჩნდება.
"თუკი ასე გაგრძელდა და რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონში არ შემოვიდა პროდუქცია, ბუნებრივია, ეს დეფიციტი ძალიან მალე დადგება. იმდენად, რამდენადაც შეშინებული მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, როცა ასეთი შემთხვევებია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის პროდუქტები დაიმარაგოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გაჩნდება სურსათის პრობლემა," - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.