24-02-2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაძე სოციალურ საცხოვრისში მერიის თანამშრომელს მას შემდეგ სცემეს, როცა მან საცხოვრებელში შესასახლებლად ახალი ადამიანი მიიყვანა.
“მოიყვანეს ქუჩაში მაცხოვრებელი ადამიანი, საყვედური ვუთხარით, მთელი ბინა შეიკრიბა, მეხუთეზე შეჰყავდათ ვიღაცის ფართში. იქ ცხოვრობს ერთი პიროვნება, არ ვიცნობ, ორივეს ერთად უნდა ეცხოვრათ.ის ქალი მადლიერების სახლით სარგებლობს და ლუკმა გარეთ გამოაქვს, შიგნით არ უშვებენ, იმიტომ რომ ბინძურია. ვიცი, რომ საცხოვრისი აქვს, სადაც ღამეს ათევს და აქ რატომ მოჰყავთ არ ვიცი. მერიის წარმომადგენელს ერთხელ მოხვდა ხელი და ჩვენ სულ გვხვდება, ისეთ საშინელ დღეში ჩაგვყარეს. შეეწინაღმდეგა ერთი, ვიღაც რომ მოგყავთ, მეც ცუდ დღეში ვარ და მე დამეხმარეთო. ამაზე გაღიზიანდნენ და მოხდა შელაპარაკება”,-ამბობს სოციალური საცხოვრისის ერთ – ერთი მაცხოვრებელი, მირანდა ნემსიწვრიძე.
მომხდარის მიზეზებზე საუბრობს, მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენელი ჯონი არაბიძე.
“ეს მოხდა დღეს შუადღით,მეც გახლდით იქ , ვიყავით საცხოვრისში, სადაც მივიყვანეთ ერთ-ერთი მიუსაფარი ქალბატონი,რომელსაც არ გააჩნია თავშესაფარი. ღამეებს ათევდა სხვადასხვა სადგურისა და მიტოვებული ტერიტორიის შენობებში. ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეს ქალბატონი გვინდოდა განგვეთავსებინა ამ საცხოვრისში. ჩვენი მისვლა გააპროტესტეს იქაურმა მოსახლეებმა,არ მოეწონათ ახლის მიყვანა,ისე იქცეოდნენ თითქოს მათ კუთვნილებაში შეგვყავდა. ვუთხარი, რომ ეს არის საცხოვრისი,რომლის განკარგვა არის მერიის პრეროგატივა.მაცხოვრებლებმა გამოხატეს მძაფრი რეაქცია.შემდეგ მე ვათვალიერებდი ადგილს , სადაც უნდა განთავსებულიყო ქალბატონი,იყო ჩოჩქოლი. ვიღაც გამოძახებულმა ახალგაზრდა ბიჭებმა სცემეს ჩემი თანამშრომელი, რომელსაც აქვს დაზიანება მიღებული თვალზე . რა თქმა უნდა გამოვიძახე პოლიცია და სასწრაფო.შემდეგ აღიძრა საქმე და ვიმყოფებით საგამოძიებო სტრუქტურებში და ვაძლევთ ჩვენებებს”,-განაცხადა ჯონი არაბიძემ.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონფლიქტის მიზეზი ბავშვიანი ქალბატონის მიმართ მერიის თანამშრომლის მხრიდან ხელით შეხება იყო, კატეგორიულად უარყოფს არაბიძე და ამბობს, რომ ეს ცილისწამებაა.
“წარმოუდგენელი ცილისწამებაა, რომელ ნორმალური ადამიანს მოუვიდოდა თავში აზრად ჩვილბავშვიან ქალთან ფიზიკური დაპირისპირება. უბრალოდ მოვუწოდე დამშვიდებისკენ და ვუხსნიდი, რომ ამ ქალსაც სჭირდებოდა თავშესაფარი”,- აღნიშნავს არაბიძე.
ამ წუთებში მერიის თანამშრომელი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ცემას გულისხმობს.