გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი დავალებები და რეკომენდაციები გასცა

1-03-2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.