საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მოქმედ მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს არსებული ბიზნეს იდეის განხორციელებაში. არსებული და დამწყები მეწარმეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე წარდგენილი ბიზნეს იდეის და დასაბუთებული მდგრადობის შედეგად. აღნიშნულის გარდა, გრანტის მიმღებთათვის ზრდა პროექტი უზრუნველყოფს შესაბამის ტექნიკურ დახმარებას საგრანტო პროექტის განხორციელების პროცესში.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ზრდა პროექტი დააფინანსებს დაახლოებით 60 საგრანტო პროექტს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება ღია გრუნტზე/სათბურში, მეფუტკრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, ტურისტული მარშუტების მომზადება, სარეკლამო მასალების ბუკლეტების/ფლაერების დაბეჭდვა, ვებ გევრდის დამზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და სხვა ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს იდეა); სოფლის მეურნეობასა და ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტ კაფეს, საცხობის, ველოსიპედების მომსახურების მოწყობა და სხვა); სრულწლოვანი ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეა, რომელიც შეეხება ზემოთ ჩამოთვლის სექტორებს ან ბიზნეს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების პროცესში ინტეგრირებას.
განაცხადები განიხილება ასევე იმ შემთხევაში, თუ ამ ჩამონათვალში არ არის მოცემული, მაგრამ ემსახურება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ თემებში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორების განვითარებას.
თითოეული საგრანტო პროექტის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს, თუმცა განაცხადში შესაძლებელია ნაკლები თანხის მოთხოვნა. საგრანტო პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია თანამონაწილეობა, რაც განსაზღვრულია საგრანტო პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 35%-ით. მეწარმის თანამონაწილეობა უნდა იყოს ფულადი სახით.