3-03-2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსების მიზნით.
სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.
სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები რეგიონებში. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.