გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაღალი ტემპერატურა და ახალი პასპორტები - ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს

9-03-2020

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ბოლო ორ დღეში, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. საზღვარზე შემოწმებისას მათ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ასევე ამ პირებს ახალი პასპორტები ჰქონდათ, რის გამოც უკან გააბრუნეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არცერთ მათგანს კორონავირუსის სხვა დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ნელი ხიზანიშვილისვე თქმით, ახალ პასპორტში სამოგზაურო ისტორია ნაჩვენები არ არის, რის გამოც სავარაუდოა, რომ ასეთი მგზავრები რისკჯგუფ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ირანთან მიმოსვლა შეზღუდა, მკვეთრად შემცირდა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა, თუმცა ბოლო დღებში მგზავრთა ნაკადმა კვლავ იმატა.

"გუშინდელი მონაცემებით აზერბაიჯანის 24 და უკრაინის 1 მოქალაქეს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ზოგ შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა, ზოგ შემთხვევაში კი ახალი პასპორტი გახდა მიზეზი საქართველოში არ შემოშვების, ვინაიდან არის მაღალი ალბათობა, რომ ახალი პასპორტის მქონე მოქალაქეები იმყოფებოდნენ რისკჯგუფ ქვეყნებში და პასპორტის გამოცვლით მალავდნენ სამოგზაურო ისტორიას. საერთოდ, რეგიონში სტაბილური მდგომარეობაა. ჯერჯერობით არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში COVID 19-ის სიმპტომით არცერთი პაციენტი არ მკურნალობს. თუმცა, თვითიზოლაციაში იმყოფება 46 ადამიანი, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.