11-03-2020
ტყიბულის შახტის გვირაბში დაკვამლიანების შედეგად ხუთი მეშახტე მოიწამლა, - ამის შესახებ imedinews-ს დასაქმებულმა ონისე საპანაძემ განუცხადა. მისი თქმით, მეშახტეები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამითვე გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ძიძიგურის შახტის დახურვის შემდეგ, გადაადგილება ძიძიგურის სახელობის გვირაბიდან გვიხდებოდა, რისი წინააღმდეგიც ვიყავით და ვაპროტესტებდით. სწორედ იქ მოხდა ეს შემთხვევა. ახლა ჰაერი გაწმენდილია ადგილზე და საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად ვაგრძელებთ მუშაობას"- განმარტა ონისე საპანაძემ.
კომპანია საქნახშირის წარმოების დარგში დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის თქმით მეშახტეებმა თავი ცუდად იგრძნეს, რისი ზუსტი მიზეზიც, არაბიძის თქმით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირები გახდა. არაბიძის ინფორმაციით, ხუთივე მეშახტეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და იმავე საღამოს გაწერეს. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.
რამდენიმე კვირის წინ კომპანიის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეხურათ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც ნახშირის მოპოვების სამუშაოების საწარმოებლად ძიძიგურის შახტში მეშახტეებს შესვლა მინდელის სახელობის შახტიდან სავენტილაციო გვირაბით მიუწევდათ, რასაც მეშახტეების პროტესტი და აქცია მოჰყვა.