18-03-2020
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, პირველ აპრილამდე ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე გათავისუფლდება საიჯარო გადასახადისგან. საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც , რომ აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. აჭარის ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 500-ი ათასი პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.
საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.