არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა.
„მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია“, - განაცხადეს სააგენტოში.
კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე - პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.