9-02-2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატის გივი ძმანაშვილის დაკავება მის 2014-2015 წლების საქმიანობას უკავშირდება, მისი დაკავება კი „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე ვერ იმოქმედებს.
მისი განცახდებით, საქმე, სავარაუდოდ, გივი ძმანაშვილის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს ეხება.
„გივი ძმანაშვილი დაკავებულია. სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ უახლოეს საათებში. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება მის ძველ საქმიანობას - 2014-2015 წლებში ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს.
იქნება სასამართლო სხდომა, იმედია, რომ გამართლდება. თუ დადასტურდება მისი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში დაისჯება კიდეც. როგორც კი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ, ეყოლება თუ არა ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს“ ახალი თავმჯდომარე", განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომლის აზრითაც, თავად ფაქტი, რომ დაკავებული გივი ძმანაშვილი საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა, „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე ვერ იმოქმედებს.
„ფაქტი რომ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის დაკავება მოხდა, თავად „ქართულ ოცნებაზე“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვინც არ უნდა იყოს ის, „ქართული ოცნების“ თუ რომელიმე სხვა პარტიის წევრი, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით", განაცხადა ტარიელ ჯანხოთელმა, რომელმაც ასევე უარყო გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკიფ ისმაილოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გივი ძმანაშვილისა და გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ.
უფრო ადრე ისმაილოვის ბრალდება გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ ისმაილოვის აღნიშნული განცხადება, დაკავებულის საქმიანობის მის სახელთან დაკავშირების მიზანმიმართული მცდელობაა.