23-03-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და სრულ კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.
მუნიციპალიტეტში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.
მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციაში, და თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და სრულ კონტროლს ექვემდებარება.
რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოზე კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.
საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები"-ნათქვამია განცხადებაში.